რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბათუმის პორტში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კრეისერ "მონტერეის" შესვლას ამერიკული მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა "როსიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე - იყო თუ არა ეს ამერიკული მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია სერგეი ლავროვი პასუხობს:
"ის, რომ საუბარი პროვოკაციას ეხება ამაში დაგეთანხმებით. გასაგებია, რომ ამერიკელები სამხედრო-საზღვაო სწავლებაში "სიბრის"-ში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მიწვეულნი.
საქართველოს სანაპიროსთან უკვე ტარდებოდა რაღაც სწავლებები. იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი მონტრეს კონვენციის სრული დაცვით ხორციელდება, რომელიც შავ ზღვაში უცხო ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფნას ზღუდავს, მაშინ ეს არავითარ კითხვებს არ იწვევს. მაგრამ, როდესაც სხვა უამრავ გემს შორის, რომელიც ამ სწავლებებში ამერიკელების მონაწილეობას უზრუნველყოფდა ამ სწავლებისათვის სწორედ კრეისერ "მონტერეის" არჩევენ, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობითაა და რომელიც უკვე ჩართულია ამერიკული ტაკეტსაწინააღმდეგო სისტემის კომპონენტად - შეუძლებელია ამან კითხვები არ გააჩინოს. მით უფრო, რომ "მონტერეი" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე სწავლებებში მონაწილეობდა, ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ როგორც სააკაშვილის დაუოკებელმა სწრაფვამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში ისე ბუქარესტში მიღებულმა უაპელაციო გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი იმოქმედა სააკაშვილის ფსიქიკაზე", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, - "დარწმუნებული ვარ, რომ ყველას კარგად ესმის თუ რა ცუდი როლი ითამაშა ყოველივე ამან მის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებისას".