ხარაგაულის რაიონში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ისრაელის ტურისტები სამშობლოში გადაიყვანეს.
ქართველი მედიკოსების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ ტურისტების სამშობლოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
რეისი კი ავიაკომპანია "აირზენამ" კოპიტნარის აეროპორტიდან შეასრულა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით სპეცრეისს ქართველი მედიკოსები გაჰყვნენ.
ინციდენტი სოფელ ვერტყვიჭალასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო ნომრებიანი ტრაილერი მოცურდა და შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელშიც ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.