"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ციხეებში სასჯელის გადავადების ინსტიტუტის უმოქმედობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.
პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, "პატიმრების შესახებ" კანონი ითვალისწინებს განუკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართათვის სასჯელის გადავადებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, რაც პატიმრის ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.
"არაოფიციალური მონაცემების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი 23 200 პატიმრიდან უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა ფორმის ავადმყოფობა. დაახლოებით 1500 პატიმარი არის განუკურნებელი სენით დაავადებული. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო 3 წელიწადში ავადმყოფობის გამო სასჯელი მხოლოდ 20-მდე პატიმარს გადაუვადდა" - განაცხადა დღეს ბრიფინგზე ქდმ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ.
მისივე თქმით, სასჯელის გადავადების ინსტიტუტი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია.
"რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ინსტიტუტის უმოქმედობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა." - აცხადებს ბაკურიძე.