მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების დასაცავად მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობის მონაწილეები ტაძარში თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა - "ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს".
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა. მეუფეს განცხადებით, მათი სურვილი არ არის უმცირესობების ღირებულებების დამცირება, არამედ მათი სურვილია, რათა მიღებული კანონებით ქვეყანაში ერთსულოვნება, მშვიდობა და თანხმობა არ დაირღვეს.
მრევლის მსვლელობა სამების ტაძრისკენ ქაშუეთის ეკლესიიდან დაიწყო. აქციას წინ მიუძღვოდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები. აქციაში მონაწილეობდა მრევლიც. როდესაც მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან მივიდნენ, ტაძარში ზარები დაირეკა.
აქციის მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერ იყო. მისი მონაწილეები პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ.