ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი დაპატიმრებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა აცნობა.
როსტიაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეგინების მიზეზით დააპატიმრეს.
"თუმცა შესაბამის ოქმში არ წერია, რომ ქართლოს ღარიბაშვილის დაპატიმრების მიზეზი ის გახდა, რომ მან ვანო მერაბიშვილს შეაგინა", - ნათქვამია როსტიაშვილის განცხადებაში.
მისივე განმარტებით, ღარიბაშვილს 15 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
"ქართლოს ღარიბაშვილი თორმეტი დღეა, რაც საქართველოს შ.ს.ს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. მასთან ერთად საკანში შვიდი ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი იმყოფება. საკანში არის ღია საპირფარეშო, რომელიც არ მარაგდება წყლით...
შვიდივე პატიმარს სძინავს ერთ ტახტზე გაუხდელად, რომელიც სკამისა და საწოლის მოვალეობას ასრულებს...", - აცხადებს როსტიაშვილი.
ღარიბაშვილის ადვოკატი პატიმრების, მათ შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფის გაუსაძლის პირობებში ყოფნას აპროტესტებს და შესაბამისი უწყებებისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.