7 ივლისს, გამთენიისას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ირაკლი და ნათია გედენიძეები, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე წლების მანძილზე მუშაობდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასთან და თითოეული მათგანი მაღალი დონის პროფესიონალი ფოტორეპორტიორია.
ნებისმიერი ჟურნალისტისთვის გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია ინფორმაციები, რომელიც მთელი დღის მანძილზე საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, მით უმეტეს, საქმეს ადევს გრიფი `საიდუმლო~ და ადვოკატებსაც კი გამოძიებამ ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, მათ არა აქვთ პრესისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება. ამდენად, მანამდე, სანამ სამართალდამცავები ოფიციალურ ბრალდებას არ გაავრცელებენ, `ვერსია~ თავს იკავებს დაკავების ვერსიების ტირაჟირებისგან. მეტიც, მოვუწოდებთ ყველა ჩვენს კოლეგას, გავუფრთხილდეთ ჩვენი კოლეგების რეპუტაციასა და ღირსებას, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია. `ვერსიის~ ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ამ ჭორებსა და დეზინფორმაციებს, გარკვეული თანხებისა და გავრცელებული ფოტოების შესახებ, თავად სპეცსამსახურები ავრცელებდნენ.
ირაკლი გედენიძე, ამჟამად პრეზიდენტის პრესსამსახურის პირადი ფოტოგრაფი, ჯერ კიდევ 1988 წლიდან, მაშინ, როცა კომუნისტური რეჟიმის შიშით, ბევრი ცნობილი და გამოცდილი ფოტორეპორტიორი ეროვნული მოძრაობის საპროტესტო აქციებზე გამოსვლას ვერ ბედავდა, სკოლის მოსწავლე, ფოტოაპარატით ხელში აშუქებდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. მისი ფოტოობიექტივის დაფიქსირებულია 9 აპრილისა და საქართველოს დამოკიდებლობის აღდგენის დღეები, ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი ჩამოსვლა ზუგდიდსა და სამეგრელოში, დაკრძალვა გროზნოში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი, ყველა ის მოვლენა, რომელიც საქართველოს მძიმე და ბედნიერ წუთებს ეხება. ირაკლი გედენიძეს არასდროს, ქვეყნისა და მისი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებშიც კი, უღირსი ქმედება არ უკადრია, არ უმოქმედია ანგარებით, ერთგულად, უანგაროდ ემსახურებოდა იმ საქმეს, რომელიც უყვარდა.
მე, მაია ფურცელაძე, გახლავართ ირაკლი გედენიძის პირველი რედაქტორი გაზეთ `სარანგში~ და ჩემს არქივში ინახება მისი გადაღებული უამრავი უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ერთად გამოგვიქვეყნებია. 13 წლის მანძილზე მე და ირაკლი გედენიძე თანამებრძოლები ვიყავით `ალია ჰოლდინგში~. უამრავი მძიმე დღე და წუთი ერთად გადაგვიტანია და ამიტომაც გაზეთ `ვერსიის~ ყველა ჟურნალისტთან ერთად, მოვითხოვ, საჯარო გახდეს ის ფოტომასალა, რის საფუძველზეც ირაკლისა და მის კოლეგებს ბრალს უყენებენ. თუკი ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაგვაშინონ ჟურნალისტები ანდა ამ სკანდალით გადაფარონ ამ დღეებში აგორებული საპატრიარქოს სკანდალი, ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს არ გამოუვა. ჩვენ უფალი გვაძლევს ძალას, ვემსახურებით საქმეს, სადაც მთავარია, სიტყვა და ყველაზე უკეთ გვესმის შეგონება _ ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის და არა არის რა დაფარული, რაიცა არა გამჟღავნდეს. ასე რომ, უფლის სამსჯავროსი გეშინოდეთ, ბატონებო!