დღეს, 8 ივლისს, 15:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, `მოდულის` შენობის წინ, "ალია ჰოლდინგი" გამართავს სოლიდარობის აქციას!
ალია ჰოლდინგი მისი ფოტოკორესპონდენტის გიორგი აბდალაძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრხელებს რომლის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შორის, ერთ-ერთი _ გიორგი აბდალაძე, `ალია-ჰოლდინგის~ ფოტოკორესპონდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს `გრიფით საიდუმლო~ მიანიჭა და არც ჩვენ და არც საზოგადოებამ არაფერი ვიცით, კონკრეტულად რომელი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და რა სახის ინფორმაციის გადაცემაში სდებენ ბრალს დაკავებულებს. სისხლის სამართლის 314-ე მუხლი, რომლითაც 8-დან 12 წლამდე უპირებენ დასჯას ფოტორეპორტიორებს, აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია:
`უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.~
წარმოუდგენელია, დაკავებულებს ჰქონოდათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ხელმიუწვდომელია. თუ საქმე ეხება ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას, ეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა...
მოვითხოვთ, დასაბუთებულად განგვიმარტონ, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს, საქმეს მოეხსნას გრიფით `საიდუმლო~.
გიორგი აბდალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან, ადვოკატების მეშვეობით გვაცნობა, რომ არასოდეს ჩაუდენია თავისი ქვეყნისთვის საზიანო საქციელი. მისი თქმით, ხელისუფლების ეს ქმედება მიმართულია მისი, როგორც ფოტოკორესპონდენტის წინააღმდეგ კამპანიად და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას _ მშრალ შიმშილობას.
`ალია-ჰოლდინგი~ მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორს, ჟურნალისტს, ყველა ქართულ და მსოფლიო მედიასაშუალებას, სახალხო დამცველს, დემოკრატიის დამცველი ქვეყნების საელჩოებს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და ყველა მოქალაქეს გამოხატონ სოლიდარობა და შემოგვიერთდნენ.