ქაშუეთის ეკლესიის ეზოში "წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს და საზოგადოებას გააცნეს.
"წინააღმდეგობის მოძრაობა" პრეზიდენტს 15 ივლისამდე აძლევს ვადას, რათა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს. გარდა ამისა, "წინააღმდეგობის მოძრაობა" მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას ითხოვს.
მოძრაობის წევრთა განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმისთვის მზადება.
"წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლები მოითხოვენ შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების მოთხოვნების დაცვას.
"საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ტოლერანტულ სახელმწიფოდ, სადაც განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებისა და ეკლესიის როლის დაკნინების ხარჯზე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა უფლებათა დაცვა, რაც ისედაც დაცულია და არ ილახება", - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეული რელიგიები.