"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოში მართმადიდებლური რელიგიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამის შესახებ დღეს, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ხელისუფლების მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გაეზარდოს კონსტიტუციური სტატუსი და მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადდეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად ზაფხულში რეგიონებში შესაბამის ტექნიკურ სამუშაოებს ჩატარებენ, ხოლო სექტემბერში უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება დაიწყება.
"რაც შეეხება კანონპროექტის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" პარლამენტში უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის შემოიტანს, რათა მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება "ბრმის და ყრუს" პოზიციაში აღარ იქნება და გაიზიარებს მოსახლეობის მთავარ წუხილს, რომ საქართველოში უმრავლესობის რელიგიას, რწმენას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი.