საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრაში ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, სულხან ღლონტმა რელიგიური გაერთიანების სტატუსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები დამტკიცების კომეტრიებისას განაცხადა.
„საკუთარი გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ, საქართველოს პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა არ გაითვალისწინა მისი განცხადება საჯარო დისკუსისს შესახებ. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვეტო დაედოს ამ კანონპროექტს და დაიწყოს საჯარო განხილვები. ჩვენ ვართ მომხრე ყველა რელიგიური ჯგუფის ინტერესები იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წინადადებების გაუთვალისწინებლად", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სულხან ღლონტი.
მისი თქმთ, ყველა ქვეყანაში საზოგადოება რელიგიური საკითხების მიმართ არის განსაკუთრებით მგრძნობიარე და საქართველოს საპატრიარქოს განცხადება იმის თაობაზე, რომ შეჩერებულიყო კანონის მიღება და საჯარო განხილვები დაწყებულიყო, ბუნებრივია იყო და არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და შინაარსიანი.
ღლონტმა აღნიშნა, რომ ასეთი კანონები არსად არ მიიღება საჯარო დისკუსისს გარეშე.
„ხელისუფლების მართვის ფილოსოფია არის არათანამდროვე და არადემოკრატიული, რეფორმების გატარების მათი სტილი, არ ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" სულხან ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რელიგიური გაერთიანების სტატუსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენის ვერსია დარბაზში არ დარიგებულა. "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით 70 ხმით 0-ს წინააღმდეგ, ფორსმაჟორულ ვითარებაში დამტკიცდა.