რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ლევან ვეფხვაძემ განხილვის გადადების შესახებ საპატრიარქოს თხოვნისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე კანონის უპრეცედენტოდ მცირე დროში მიღებას ქვეყნისთვის საშიში ქმედება უწოდა და პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობას დააკისრა.
"საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხს ხელისუფლება ცალმხრივად განიხილავს. დარწმუნებულნი ვართ შედეგი იქნება მძიმე თავად ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელთა წევრებიც აღარ ერიდებიან ანტიეკლესიური განწყობების ღიად გამოხატვას. ბოლო 8 წელია საქართველოში ჩამოყალიბდა ტრადიცია - ვამბობთ ნაციონალურ მოძრაობას, ვგულისხმობთ პრეზიდენტს, ამიტომ მიამიტობად მიგვაჩნია სააკაშვილისთვის ვეტოს დადების მოთხოვნა" - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ აქტუალური გახადა "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური რელიგიის სტატუსის მინიჭების შესახებ.
"ჩვენ მზად ვართ ამ მიზნით პირდაპირ მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას და საერთო სახალხო გამოკითხვის გზით მოვამზადოთ წინაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად", - განაცხადა ვეფხვაძემ.