პოლიტიკურ პარტია „ახალი მემარჯვენეების" განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ასეთი კონფრონტაციული ფონის შექმნა ხელს არ უწყობს ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის ატმოსფეროს შექმნას.
„გუშინ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილა და ორი მოსმენით კენჭი უყარა კანონს რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. საკითხის მოუმზადებელმა და ხელოვნურად დაჩქარებულმა განხილვამ საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა და ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვისა და ამ თემაზე საპატრიარქოში გამართული შეხვედრების შემდგომ საკითხი გადაიდებოდა საფუძვლიანი განხილვისა და მოსაზრებათა ურთიერთშეჯერების მიზნით. სამწუხაროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად აღნიშნულისა, ხელოვნურად დაჩქარებული პროცედურით - ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე კენჭი უყარა სადავო საკითხს. ჩვენი ინფორმაციით, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში არსებული სხვა ეკლესიებისა თუ რელიგიური თემების წარმომადგენელთა მონაწილეობით ამ ტიპის კანონმდებლობის შექმნაზე კარგა ხანია მუშაობენ. შეშფოთებას იწვევს, რომ პარლამენტმა მათი გვერდის ავლით და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება", - აღნიშნულია „მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
„მემარჯვენეების" მტკიცებით, ეს დაუსაბუთებელი სიჩქარე არათუ ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს, პირიქით, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ისეთ ფაქიზ და უმნიშვნელოვანეს სფეროს, როგორიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და კონფესიათა შორის დაუძაბავი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებია.
„მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა კარგად გააცნობიეროს ეს გარემოებები და კანონით დადგენილი წესის გამოყენებით დააბრუნოს საკითხი განხილვაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფართო საზოგადოებრივი დიალოგი და გადაწყვეტილება მიღებულ იქნას საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.