„კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მიესალმება. კოალიციის მიერ გავრცელებული განხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მშვიდობიან თანაცხოვრებას და წინ აღუდგება რელიგიური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების გაყოფის მცდელობას.
„სიტყვით მრავალგზის დადასტურებულ ქართულ შემწყნარებლობას ამიერიდან კანონიც გაამაგრებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას "აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი" და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დებატებში. კოალიცია გაოცებულია დუმილით, რომელსაც ბოლო დღეებია ინარჩუნებენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს სამოქალაქო სექტორი. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკომისიის დელეგაციას საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ ფლატფორმას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიცია იმედოვნებს, რომ საქართველო კვლავ გადაიქცევა ადგილად, სადაც ერთნაირად იგრძნობს თავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი, მართლმადიდებელი თუ იუდეველი, კათოლიკე თუ მუსლიმი, იეზიდი, ბაპტისტი თუ ევანგელისტი, ყველა ერთნაირად იქნება დაცული საქართველოს სახელმწიფოს მიერ.