„ქართული პარტიის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მოდულის" შენობის წინ მანიფესტაცია მოაწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოჰქონდათ პარტიის დროშები და ტრანსპარანტები წარწერით, „შეწყდეს დაპატიმრებულთა წამება!".
„ჩვენ არ გვინდა, რომ დაკავებულ მოქალაქეებს აწამებდნენ. ამიტომაც მოვედით აქციაზე ამ ერთადერთი ლოზუნგით. დღეს ხელისუფლებას „ქართული პარტიის" უამრავი წევრი და მხარდამჭერი ჰყავს უკანონოდ დაკავებული, რომლებსაც სასტიკად აწამებენ. მათ აერთებენ დენზე, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან. მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხს ასე ეპყრობოდნენ და სწორედ ამას ვაპროტესტებ", - განუცხადა აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მანიფესტანტმა, „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლერი ლაფაჩმა.
პატიმრების სოლიდარობის აქციას „ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილიც ესწრებოდნენ. ეროსი კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტპატიმართა რიცხვი ქვეყანაში ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
„ასეთი აქციების ჩატარება აუცილებელია. საზოგადოებამ უნდა დაინახოს ის პროცესები, რომლებსაც რეჟიმი საგულდაგულოდ მალავს. სწორედ ასეთი აქციებით უნდა მოხდეს საზოგადოებრივი განწყობის მობილიზება ამ ტიპის მოქმედებების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ „მოდულის" ამ გამჭვირვალე შენობაში არის ჯურღმულები, სადაც ადამიანებს სასტიკად აწამებენ და ამ წამების ქვეშ აიძულებენ, მისცენ ბუნდოვანი, არეულ-დარეული ჩვენებები, რომლებსაც რეჟიმი მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.