საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით კონსულტაციები საქართველოს საპატრიარქოსთანაც გაიარეს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
"კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, მანამდე კი ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვფიქრობთ ოპტიმალური ვარიანტი შევიმუშავეთ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს თემა წლების განმავლობაში დაბლოკილი იყო და რელიგიურ გაერთიანებებს სტატუსის გარეშე უწევდათ საქიანობა.
"ეს ხარვეზი პირველ რიგში სახელმწიფოს და პარლამენტის გამოსასწორებელია, რომ მათ საქმიანობას შეექმნათ სამართლებრივი საფუძველები", - აღნიშნა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ ამის გათვალისწინებით კანონპროექტის განხილვის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ამასთან, კუბლაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა კანონის მიღებამდე შენიშვნების შესახებ ოპოზიციასთან შეჯერდეს.