პარლამენტი რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.
"სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასეთი სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მხოლოდ რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიას, მუსლიმანთა თემს, იუდეველთა თემს და საქართველოს ევანგელისტურ-ბაფტისტურ ეკლესიას ეძლეოდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნული რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციად შეაფასეს, კანონპროექტის ავტორებმა ტექსტი ჩაასწორეს და შეზღუდვა ამოიღეს.
"სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების ავტორები არიან პარალმენტის წევრები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.