უახლოეს მომავალში ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტში შესაძლოა გარდატეხა მოხდეს. ქვეყანა მშვიდობიანი დარეგულირების სტადიაში გადავიდა და მისი ლიდერი მუამარ კადაფი შესაძლოა თანამდებობის დატოვებას დათანხმდეს.
"პოლკოვნიკი აგზავნის სიგნალებს იმის შესახებ, რომ იგი მზადაა ხელისუფლება დატოვოს უსაფრთხოების გარანტიის პირობით", _ განაცხადა "კომერსანტთან" საუბრისას მაღალჩინოსანმა წყარომ რუსეთის ხელისუფლებაში.
წყარო ასევე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად კომპრომისული პოზიცია ამ მიმართულებით საფრანგეთს უკავია, ქვეყანას, რომელიც ლიბიაში ომის დაწყების ინიციატორი იყო. იგი მზადაა, არა მხოლოდ მოხსნას ყადაღა კადაფისა და მისი ოჯახის ანგარიშების ნაწილს, არამედ პირობას დებს, რომ პოლკოვნიკის მშვიდობიანად წასვლის შემთხვევაში, მას ჰააგის ტრიბუნალისგან თავის დაღწევაშიც დაეხმარება.
ამას გარდა, ასევე განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ ლიბიელი ლიდერი სამშობლოში დარჩეს. ლიბიელმა ამბოხებულებმა კი თითქოს დაადასტურეს, რომ მზად არიან ამაზე დათანხმდნენ.
"ჩვენ შევთავაზეთ კადაფს გადადგეს და თავისი არმიის დემობილიზება მოახდინოს. მაშინ მან უნდა გადაწყვიტოს ლიბიაში დარჩეს თუ ქვეყნიდან წავიდეს", _ განაცხადა ოპოზიციური ნაციონალური გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა და აღნიშნა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში ლიბიელი ლიდერი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.