ნატო იმედს იტოვებს, რომ რუსეთს ერთი წლის შემდეგ მოელაპარაკება ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს სოჭში ნატო-რუსეთის სხდომაზე გააკეთა.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთი წლის შემდეგ შევხვდებით ნატოს სამიტზე ჩიკაგოში და შევძლებთ მოლაპარაკებას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან მიმართებაში, რომელიც ნატოს წევრი-სახელმწიფოებისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამ სისტემას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის", _ განაცხადა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და ნატომ გამოთქვეს მზადყოფნა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით.
"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან მიმართებაში მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ რუსული მხარის აზრი და ნატოს აზრი, რომლებსაც ახსნა-განმარტებითი ხასიათი ჰქონდა", _ განაცხადა რასმუსენმა.