ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან 14 წლამდე ასაკის მოზარდები გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ ნათქვამია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებულ ვერსიაში.
პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად მათ, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი და აღენიშნება შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო.
ასევე, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობა; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმება; ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა; იმავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის გარდაცვალება (იურიდიული პირის ლიკვიდაცია).
საკანონმდებლო ინიციატივაში განმარტებულია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ე.ი. ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა მის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლოს სიტყვიერი გაფრთხილებით.
აღსანიშნავია, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" განახლებული ვერსია პარლამენტში უკვე რამდენიმე თვეა შეტანილია, თუმცა მისი განხილვა კომიტეტებზე მიმდინარე კვირას დაიწყო.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კუბლაშვილმა განაცხადა, კომიტეტი საზაფხულო არდადეგებს არასამთავრობოებთან ერთად კოდექსზე სამუშაოდ გამოიყენებს და მისი დამტკიცება უკვე, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მოხდება.