ჯგუფური ძალადობის ორგანიზება თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე, მასში მონაწილეობა კი - ოთხიდან ექვს წლამდე აღკვეთით დაისჯება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით დაისჯება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთების დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.
კანონში განმარტებულია, რომ აღნიშნული მიზნებისთვის იარაღის გამოყენებაში იგულისხმება - ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ან ნებისმიერი მოწყობილობა და საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიცოცხლის ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად და გასანადგურებლად.