საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ქვეყნის გამთლიანებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პატრიარქმა ბრძანა, აფხაზები, ოსები და ქართველები აუცილებლად ერთად იცხოვრებენ.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო დაეცეს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. საქართველო ღვთის მადლით და წყალობით გამთლიანდება. საქართველო იქნება ბედნიერი. ბედნიერები იქნებიან ჩვენთან ერთად აფხაზებიც და ოსებიც. ვლოცავ აფხაზეთის ომის ვეტერანებს. მძიმე გზა გამოიარეს მათ და ღმერთმა არ ქნას, კვლავ განმეორდეს ეს. აფხაზები და ქართველები კი არ ეომებოდნენ ერთმანეთს, ჩვენ ვომობდით იმ ძალასთან, რომელიც როგორც აფხაზების, ასევე ქართველების წინააღმდეგ იყო მომართული", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღესვე ბავშვების აღზრდაზეც და ახალგაზრდების ტაძრებში მობრუნებაზეც ისაუბრა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომის ვეტერანები და რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.