ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვისთვის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისთვის თავის არიდების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასსამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე".
იგივე ქმედება, ჩადენილ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე;
იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.
დიდ ოდენობად ჩაითვლება თვალთმაქცურად გადამალული ქონების ღირებულება, რომელიც აღემატება 10 000 ლარს.