დღეს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, ტურიზმის განვითარების ცენტრ "ნიუკასში" საქართველოს გიდების ასოციაციის კონგრესი გაიმართება. საქართველოს გიდების ასოციაციის უმაღლესი ორგანო - კონგრესი გიდის პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, მიღწეულ შედეგებსა და ამ სფროში სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებს განიხილავს.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის წევრი გიდები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტიდან, პარტნიორი ტურისტული კომპანიებიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
გიდების ასოციაცია (სგა) წარმოადგენს ტურისტული გიდების ეროვნულ გაერთიანებას. ასოციაცია დაარსდა 2010 წელს და დაარსების პირველ წელს გახდა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (გამფ) ნამდვილი წევრი. ასოციაციის მიზანია საქართველოში გიდის პროფესიის პოპულარიზაცია, მოქმედი გიდების საქმიანობის განვითარებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა. დღეისათვის სგა საქართველოს 80-ზე მეტ პროფესიონალ გიდს აერთიანებს, რომელთა საინფორმაციო და სასწავლო მხარდაჭერა ასოციაციის პროგრამების მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობს.
ასოციაციის საქმიანობის ხელშეწყობაში დიდი წვლილი შეიტანეს: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, გიდების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (გამფ) და ტურიზმის განვითარების ცენტრმა "ნიუკასმა".