პირს, რომელიც პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს აიღებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ლეგალურად შეეძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ის პირები, რომლებზედაც გაცემული იქნება პირადობის ნეიტრალური მოწობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, უფლებამოსილნი იქნებიან, შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ღირებულება 35 ლარი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის 10 ლარის შეადგენს და ის 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის ნეიტრალური მოწმობები გათვალისწინებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.