რელიგიური გაერთიანებების არასამეწარმეო იურიდიულ პირებად ყოფნა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.
"მოქმედი ნორმით, რელიგიური სუბიექტები არის კერძო სამართლის სუბიექტები, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირები. არასამეწარმეო იურიდიული პირებთან დაკავშირებით მოქმედებს ცალკე კანონი, რომლის ფუნქციონირების შეჩერების ბერკეტები არსებობს, ანუ სასამართლოს შეუძლია მათი საქმიანობა შეაჩეროს, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან", - აღნიშნა თორდიამ.
მისი განცხადებით, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ რელიგიური გაერთანებების საქმიანობის შეჩერება დაუშვებელია და ამის უფლება არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია.
"შესაბამისად ყველა საერთაშორისო აქტი, გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის რეკომენდაციები გვეუბნება, რომ მიდგომა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და სახელმწიფოს ბერკეტები არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა: "ადრე იყო ჩანაწერი, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ რელიგიური გაერთიანებები, მაგრამ 2005 წელს მოხდა მის ამოღება, რადგან მიმდინარეობდა საჯარო იურიდიული პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების პროცესი".
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც აქვთ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი.