პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ქუთაისში შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებზე და ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს.
"ხელისუფლების მხრიდან ყოველდღე გვესმის იმის მტკიცება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით გააიოლა ბიზნესის კეთება საქართველოში. რეალურად საპირისპირო ხდება. ქ.ქუთაისის შემოსავლების სამსახურში შექმნილია სპეციალური 3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე, ახდენენ საკონტროლო შესყიდვებს და რაც მთავარია მათ შემოწმების ოქმები წინასწარ აქვთ შედგენილი, გეგმა გაწერილი თუ რამდენი სავაჭრო ობიექტი დააჯარიმონ 500-500 ლარით"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავდროულად, „თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ისედაც გაუბედურებული, გაღატაკებული და ღრმა კრიზისში მყოფი ბიზნესის დაყაჩაღება და მისცენ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება.