დღეს, 1-ელ ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. მასზე 25-მდე საკითხის განხილვა იგეგმება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტია, რომლის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ერთადერთ ადგილსამყოფელად ქუთაისი განისაზღვრება.
პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ქუთაისში იქნება. საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანის საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას ითხოვს. ოპოზიცია იმ ფინასური ხარჯების დასახელებას ითხოვს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის მშენებლობას ხმარდება, თუმცა მმართველი ძალის მტკიცებით, მშენებლობა დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს, შესაბამისად ის თანხები, რომლებიც 2009 წელს გაიწერა, საკმარისია.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შეხახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრაც. თუმცა სხდომაზე გატანამდე ამ საკითხზე უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსულტაციები გაიმართება. ოპოზიციიდან შეხვედრაში ლევან ვეფხვაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ჯონდო ბაღათურია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ" დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ. დადგენილება საქართველოში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალი, სავარაუდოდ, ანაკლიაში დაიდგმება, ხოლო კულტურის ცენტრი საქართველოს რომელ რეგიონში დაარსდება, ჯერ უცნობია. დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დადგენილების პროექტის მიღების შემდეგ მთავრობასთან კონსულტაციების გამართება, სადაც დეტალები დაზუსტდება. მისი თქმით, მემორიალის შექმნაზე საერთაშორისო კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სადაც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორც ქართველი, ასევე ჩერქეზი და სხვა კავკასიელი მოქანდაკეები. საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება მიმდინარე წლის 20 მაისს დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 2011 წლის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად 24 ივნისს დაიხურა. ბოლო სხდომაზე უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 80-მდე საკითხი განიხილა.