1 ივლისს, 10.30 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ „რწმენა"-ს აღსაზრდელებს საჩუქარს გადასცემს.
ბიუროს ხელმძღვანელობის ცნობით, ორგანიზაცია ინტენსიურად ეხმარება როგორც ბავშვთა სახლ „რწმენას", ისე მზრუნველობამოკლებულ სხვა ბავშვთა სახლებს. ამჯერად გიორგი ხიზანიშვილი თანამშრომლებთან ერთად, ცენტრ "რწმენა"-ს ეწვევა და ბავშვებს, ელექტროტექნიკას, ტკბილეულსა და საკვებს გადასცემს.
„სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე არაერთ უნარშეზღუდულ, მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს დაეხმარა. ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვინტერესდებით იმ აუცილებლობებით, რომლებიც ბავშვთა სახლებს გააჩნიათ და მათ სწორედ ისეთი ნივთებით ვეხმარებით რაც მათთვის აუცილებელია. ამჯერად ტკბილეულთან და საკვებთან ერთად ბავშვთა სახლი მაცივარსაც მიიღებს საჩუქრად. გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მძიმე პირობებში მყოფ ბავშვებს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ -მდგომარეობა,"- აცხადებს ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციებში მუდვივად ჩართული არიან არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ ბიუროს რეგიონული წარმომადგენლობები, რომლებიც თავისსავე რეგიონში მდებარე ბავშვთ სახლებს უწევენ დახმარებას.
„ახლახანს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა ბათუმის ბავშვთა სახლი ტანსაცმლით უზრუნველყო, ხოლო დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის 33 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელს სპეციალური ტრენაჟორი გადასცა. ჩვენი სამსახურის თითოეული თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში - აცხადებს ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2006 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. უწყება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საექსპერტო მომსახურებით. ბიური აღჭურვილია უახლესი სტანდარტების უცხოური აპარატურით და ამიერკავკასიის რეგიონში ექსპერტიზული კვლევის უალტერნატივო ორგანიზაციას წარმოადგენს.