"თქვენი ადრესატი ხალხი უნდა იყოს. სამოქალაქო საზოგადოებისადმი დახმარების თხოვნის მომენტი კი უნდა წაიშალოს", - მიმართა "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური "ექვსეულის" ლიდერებს.
მისი აზრით, ხელისუფლება მათ აღარ დაელაპარაკება, სანამ ამის საჭიროდ არ მიიჩნევს, "საჭიროება კი სწორედ იმით უნდა შეიქმნას, რომ ხალხს არჩევნებთან დაკავშირებით რწმენა დაუბრუნდეს".
"ხალხში არსებობს ემოციური ფონი და ამ ფონს უნდა სწორი კალაპოტი - დარწმუნება, რომ არჩევნები არის გამოსავალი", - აღნიშნა ქანთარიამ.
მან ოპოზიციონერ ლიდერებს ურჩია, გარდერობებში ორი სახის სამოსი მოიმარაგონ: საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის პიჯაკები, ხალხთან „მუშაობისთვის" კი - ფარაჯები.
"თქვენს გარდერობში ახლა პიჯაკებთან ერთად უნდა იყოს ფარაჯაც. პიჯაკი საერთაშორისო საზოგადოებასთან, ფარაჯა კი უბრალო მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის. ხელისუფლებამ წამოგიყენათ ულტიმატუმი, რომელიც არ მიიღეთ. ხოლო როცა ულტიმატუმს არ იღებ, იხსნება ფრონტი და იღებ გამოწვევას", - მიმართა "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა "ექვსეულის" ლიდერებს.
შეგახსენებთ, რომ "ექვსეული" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას აგრძელებს და თავისუფალი არჩევნების მიღწევას სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობით აპირებს.