1-ელ ივლისს, 14:00 საათზე აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტში ერთობლივად პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრს გახსნიან და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრს დაეხმარება.
აშშ-ის ელჩი და პარლამენტის თავმჯდომარე სერტიფიკატებს გადასცემენ 2010-2011 წლების საპარლამენტო სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომელთაც სტაჟირება USAID-ის პარლამენტის მხარდაჭერის პროექტის დახმარებით გაიარეს. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, პარლამენტის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.