რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას ეხმიანება, დევნილთა დაბრუნების შესაძლებლობას "მიუღებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ეს რეზოლუცია გაეროში ფართო მხარდაჭერით არ სარგებლობს.
"კენჭისყრის შედეგებმა ცხადყო, რომ თბილისის ეს პოლიტიზებული ინიციატივა გაეროს ფართო მხარდაჭერით არ სარგებლობს: გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ ან თავი შეიკავა ან საერთოდ არ იმყოფებოდა გენერალურ ასამბლეაზე ამ საკითხის განხილვის დროს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველომ, როგორც ყოველთვის, ახლაც ჰუმანიტარული სიუჟეტის გამოყენება პოლიტიკური კონიუქტურის ინტერესებში ამჯობინა და არა იმ ათასობით ქართველის, აფხაზის, ოსისა თუ სხვა ეროვნების მოქალაქეების ინტერესებში, რომლებიც მისი აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ".
სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველივე ეს ჟენევის დისკუსიების გვერდის ავლით გაკეთდა, რომელიც დღეს ერთადერთი სადიალოგო ფორმატია აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და საქართველოსთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიუ-იორკში ამ საკითხის განხილვას მხოლოდ აფხაზური და ოსური მხარის მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდა აზრი.
"თუმცა საქართველო ამისათვის მზად არ არის, აშშ-ის ადმინისტრაციამ კი სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს ვიზების გაცემაზე კვლავ უარი უთხრა", _ ნათქვამია განცხადებაში და ახსნილია ის, თუ რატომ არ მისცა ხმა რუსეთმა ამ რეზოლუციას.
"რუსულმა მხარემ ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამგვარი რეზოლუციების მიღება რეგიონში არსებულ მდგომარეობის გართულებას შეუწყობს ხელს და არის შემაფერხებელი მრავალი გუმანიტარული საკითხის ასევე ნდობის შემარყეველი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ასევე დევნილების დაბრუნება არის მიუღებელი პირობა, მათ შორის დევნილების პრობლემის მოგვარებისთვის", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 57-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. როგორც გაერო იუწყება რეზოლუციის წინააღმდეგ 13 ქვეყანა წავიდა, თავი კი 74-მა ქვეყანამ შეიკავა.
რეზოლუციაში დევნილთა ქონების ხელშეუხებლობის გარანტიებიც არის ჩადებული. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები დაცული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი უნდა იყოს მათი ქონების ხელშეუხებლობა. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა დასრულდეს იძულებით დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის, დევნილებისთვის და სხვა პირებისთვის შეუფერხებლად განხორციელდეს ჰუმანიტარული საქმიანობა.