ბიჭვინთის საკონცერტო დარბაზში ორღანის სარემონტო სამუშაო დაიწყო. სამუშაოს პოტსდამის საორღანო ფირმის "ალექსანდრ შუკეს" სპეციალისტები ("Alexander Schuke. Potsdam Orgelbau GmbH ", გერმანია) აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ბიჭვინთაში ჩამოსვლის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტებმა ორღანი დაათვალიერეს. ორღანი მათმა კოლეგებმა 1975 წელს დაამონაჟეს. იგი გერმანული კლასიკური ორღანთმშენებლობის ერთ-ერთი კორიფეს ჰანს იოჰან შუკეს ეკუთვნის. დღეს ამ ფირმას მათიას შუკე ხელმძღვანელობს", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ინსტრუმენტის სრული დემონტაჟი მიმდინარეობს.
ბიჭვინთის ორღანს 59 რეგისტრი, 3 მანუალი და 4 000 საყვირი აქვს. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ სპეციალისტები მილებს დაათვალიერებენ, გაწმენდენ და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლიან.