დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეკომენდაცია იყო, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მუშაობა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მაინც დასრულებულიყო, რის შესაბამისადაც, როგორც საკონსტიტუციო, ასევე "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
რაც შეეხება რეფერენდუმის საკითხს, კუბლაშვილი ხაზს უსვამს, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმი კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა, რადგან კანონის მისაღებად რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება და ასევე, რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს.
ასევე, "რეფერენდუმის შესახებ" კანონით, რეფერენდუმის შედეგები ერთ თვეში უნდა განხორციელდეს, პარლამენტმა კი დეპუტატების შემცირების გადაწყვეტილება, 2005 წელს მიიღო.
ამასთან, უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, 2005 წელს რატომ არ საუბრობდნენ და არ განიხილვდნენ რეფერენდუმის არაკანონიერებას.