გაეროში რუსეთის პოზიციები უფრო და უფრო სუსტდება, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესძლებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება.
"საქართველოში ასეულობით ათასი დევნილი ცხოვრობს იმ იმედით, რომ დაუბრუნდება თავის სახლს და ამ უფლების აკრძალვა არავის არ შეუძლია. რუსეთის პოზიცია კი გაეროში სულ უფრო და უფრო სუსტდება და ეს მიანიშნებს, რომ საქართველო აუცილებლად შესძლებს თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გამოყრილი ადამიანების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება უზრუნველყოს.
"ამის თვალსაჩინო დასტურია კი გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას შარშანდელთან შედარებით 7-ით მეტმა სახელმწიფომ, სულ 57-მა დაუჭირა მხარი.