"ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ სოფიო ხორგუანის განცხადებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მისი თქმით, 30 ივნისს, გამთენიისას, სამართალდამცავები რამდენიმე ოჯახში ყაჩაღურად შეიჭრნენ და უდანაშაულო ადამიანები დააკავეს: გოჩა ლიჩელი, თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, გოჩა ჩიხლაძე, თამაზ ოდიაშვილი და გაგა გიგუაშვილი.
ხორგუანის თქმით, ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ან გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცხოვრობენ, ან „ქართული პარტიის" წევრები არიან, ან - ირაკლი ოქრუაშვილის ახლობლები, ნათესავები არიან და ოდესღაც მასთან სამსახურეობრივი კავშირი ჰქონდათ.
„დაპატიმრებები მოხდა ღამით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწოდებენ, სინამდვილეში კი მოქმედებენ, როგორც ბანდიტური შეიარაღებული ფორმირების წევრები. ისინი ყაჩაღებივით იჭრებიან ოჯახებში და მათ მიერვე ჩადებულ იარაღს „აღმოაჩენენ" ხოლმე. ამას მოსდევს „აღიარებითი ჩვენებები", რომელიც მუქარისა და ზეწოლის შედეგად არის მიღებული", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, სამართლდამცავებმა ტყვიავში ისეთი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარეს, ამ სოფლის მცხოვრებლებს ეგონათ, სოფელში ოსები ან რუსები შემოიჭრნენ.
„ეს მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ლიჩელების ოჯახში იარაღი ჩაედოთ, მერე ამოეღოთ და გოჩა ლიჩელის მამა და ძმა დაეპატიმრებინათ და დაკავების დროს, თანასოფლელების თვალწინ, სასტიკად ეცემათ", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
მისი თქმით, 30 ივნისს განხორციელებული დაპატიმრებების დროს რაიმე ახალი არაფერი მომხდარა: პოლიციელები ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს „პოულობდნენ" იმ ოთახებში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, ან აბაზანაში, სადაც ჩხრეკის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე ადამიანმა შხაპი მიიღო.
სოფიო ხორგუანი მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ არ ჩაიდინონ უკანონობა.
„ვანო მერაბიშვილი ვერ მოახერხებს საქართველოში 37 წლის დაბრუნებას", - განაცხადა „ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა და დასძენს, რომ დღევანდელი რეჟიმი შეშინებულია და ასეთ პირობებში, ახალ-ახალ დანაშაულს სჩადის.
როგორც სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან წამოსული ძალადობის ახალი ტალღა დამატებითი მოტივაციაა „ქართული პარტიისთვის", იყოს უფრო აქტიური და ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის რეჟიმის რაც შეიძლება სწრაფად დასამთავრებლად.