რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ- ერთმა ლიდერმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატების რაოდენობის გაზრდა კანონის ფარგლებში მოხდება რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე.
დეპუტატის თქმით, თავის დროზე რეფერენდუმი კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა. კერძოდ კი კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარება კანონის მიღებისთვის არ შეიძლება.
ამასთან, კუბლაშვილი განმარტავს, რომ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები კანონდებლობაში ერთი თვის განმავლობაში უნდა ასახულიყო.
"2005 წელს კი პარლამენტმა დეპუტატების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო არა რეფერენდუმის გამო, არამედ იმიტომ რომ იმ დროს პოლიტიკური აზრი ასე ჩამოყალიბდა. ამის გათვალისწინებით კი ამ საკითხის რეფერენდუმთან დაკავშირება არ უნდა მოხდეს" - მიაჩნია კუბლაშვილს.
მისივე თქმით, პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისევე მიიღებს, როგორც ეს ხდება სხვა საკანონმდდებლო ინიციატივების განხილვის დროს.
შეგახსენებთ რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტარების რაოდენობის გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად 235 დეპუტატიდან 150-მდე შემცირების საკითხი მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება შეიცვალოს.