ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში" კვლევის შედეგებს ავრცელებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში გაძლიერდა "დემოკრატიის მხარდაჭერა მთავრობის ნებისმიერ ფორმაზე"
"ეკონომიკური კრიზისის ეფექტის მიუხედავად, შედარებით დაბალია მომავალში დაბრუნების სურვილი. საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიისადმი მხარდაჭერა კარგად ინარჩუნებს 2006 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს, თუმცა კლება მაინც შეინიშნებოდა ზოგიერთ ქვეყანაში - მათ შორის ევროკავშირის ყველა ახალ რეგიონალურ წევრში, ბულგარეთის გარდა. არაორაზროვანი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი უფრო მაღალია, ვიდრე საბაზრო ეკონომიკისადმი - შესაბამისად 45% და 40%", - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ რესპოდენტთა ერთ მეხუთედზე მეტის თქმით მათი ქვეყნების პოლიტიკური სისტემას მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხოლო თითქმის მეოთხედმა იგივე თქვა ეკონომიკურ სისტემაზე.
"საბაზრო ეკონომიკის მხარდაჭერა შესუსტდა ალბანეთში, ლატვიაში და სერბიაში, მაგრამ გაიზარდა უზბეკეთსა და სომხეთში. შედარებისთვის, გაერთიანებულ სამეფოში რესპოდენტთა 30 პროცენტზე ნაკლებმა, ხოლო ფრანგ რესპოდენტთა ერთ მეოთხედზე ნაკლებმა უპირობო მხარდაჭერა აღნიშნეს საბაზრო ეკონომიკისადმი", - აღნიშნულია დოკუმენტში.
"დემოკრატიის მხარდაჭერა მთავრობის ნებისმიერ ფორმაზე მეტად გაძლიერდა სომხეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში. თუმცა ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით 11 ქვეყანაში რესპოდენტთა მხოლოდ 50 პროცენტი ან ნაკლები გამოხატავდა აშკარა უპირატესობას დემოკრატიული წეს-წყობილებისადმი", - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა - "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში" - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა 2010 წლის ბოლოს ერთობლივად ჩაატარეს. გამოკითხული იქნა დაახლოებით 39 000 რესპოდენტი 34 ქვეყანაში - ბრიტანეთიდან ბალკანეთამდე, ალბანეთიდან უზბეკისტანამდე, უკიდურესი დასავლეთით საფრანგეთიდან უკიდურეს აღმოსავლეთით მონღოლეთამდე.
კვლევაში წარმოდგენილია ნათელი დადასტურება იმისა თუ როგორ იმოქმედა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მისმა შედეგებმა ადამიანების ცხოვრებაზე. კვლევის მიზანია, ნათელი გახდეს, რა გავლენა იქონია ბოლოდროინდელმა კრიზისმა და ბერლინის კედლის მოშლიდან ორი ათწლეულის განმავლობაში სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდაქმნამ მოქალაქეებზე - განსაკუთრებით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.