სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, სამოქალაქო დიალოგის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ მისი ორგანიზაციის მიერ შექმნილი უსაფრთხო სკოლის მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"პროექტის მიმდინარეობისას, ჯერჯერობით ვერ შედგა სამოქალაქო დიალოგი თქვენთან, რაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდის საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის კონსტრუქციული და თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარებას. ასევე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც სკოლებთან თანამშრომლობის ნებართვა გთხოვეთ", - განაცხადა ანთაძემ.
პრეზენტაციაზე განხილული იყო მანდატურის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში. როგორც პრეზენტაციის ავტორმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, მანდატურის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, სკოლებში უსაფრთხოების დონე გაიზარდა.
პრეზენტაციის ავტორების თქმით, პროექტის მიზანია საზოგადოების ჩართვა უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორონგის და შეფასების პროცესში. ასევე, საზოგადოებასა და განათლების სამინისტროს შორის დიალოგის გააქტიურება.
პრეზენტაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან: კანონი ზოგადი განათლების შესახებ - დეცენტრალიზაციიდან ცენტრალიზაციამდე და მანდატურის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუციის ხელმძღვანელი ია ანთაძე და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუციის განათლების მენეჯერი თამარ მოსიაშვილი.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2011 წლის თებერვალში დაიწყო უსაფრთხო სკლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.