ლტოლვილთა სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლების სასამართლოსთვის მიმართვის ვადები ზუსტდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ლტოლვილთა შესახებ" კანონში.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაში კი სასართლოსთვის მიმართვის წესები და ვადები ზუსტდება.
კერძოდ კი, ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების ან თავშესაფარის მიცემის თაობაზე თხოვნით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებლის უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
საკასაციო საჩივრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და ანდრო ალავიძე.