28 ივნისს საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.
ჩეხი სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსუდან კერვალიშვილს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით დარჩიაშვილს, ასევე საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდებიან.
29 ივნისს დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს შეხვდებიან.
იმავე დღეს, ჩეხი სტუმრები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ელენე ხოშტარიასთან გამართავენ შეხვედრებს. დაგეგმილია ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის დათვალიერება.
30 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, უფლისციხეს დათვალიერებენ, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლის მხარეში, ზურაბ არსოშვილს შეხვდებიან.
დელეგაცია თბილისს 1-ელ ივლისს დატოვებს.