საარჩევნო შეთანხმებიდან დაფინანსების შესახებ დისკრიმინაციული მუხლი ამოღებულია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
"დოკუმენტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონი ლარის მხოლოდ იმ კვალიფიციური სუბიექტებისთვის გამოყოფას ითვალისწინებდა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს შეუერთდებოდა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, აღნიშნული დისკრიმინაციული მუხლის ამოღების შესახებ ინიციატივით მმართველ გუნდს „ახალმა მემარჯვენეებმა" ცოტა ხნის წინ მიმართეს და ხელისუფლების მხრიდან ის დაკმაყოფილებულ იქნა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, რომ შეთანხმების პროექტში იყო დისკრიმინაციული პუნქტი, რომლითაც ის პარტიები, რომლებიც ამ შეთანხმებას არ შეუერთდნებოდნენ, ვერ მიიღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. „ახალმა მემარჯვენეებმა" ინიციატივით მივმართეთ ხელისუფლებას, ეს მძიმე და დისკრიმინაციული მუხლი ამოღებულიყო. შეთანხმებაში, რომელსაც ხელი რამდენიმე წუთის წინ მოვაწერე, ეს მუხლი აღარ არის", - განმარტა კაციტაძემ.