„ახლების", „ქრისტიან-დემოკრატებისა" და მოძრაობის „ჩვენ თვითონ" გარდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს „ეროვნულ დემოკრატიული პარტია" და „მრეწველებიც" შეუერთდებიან.
როგორც ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეთანხმებაში წინსვლა არსებობს.
„შემოთავაზებულ ვარიანტებს თუ გავაანალიზებთ, წინსვლა არსებობს და ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და ეს ეხება საარჩევნო სისტემას. მეტ-ნაკლებად უმჯობესდება მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხიც. ხდება დიდ რეგიონებში ოლქების დაყოფა, რითაც მეტ-ნაკლებად ვუახლოვდებით იმ სურათს, რომელსაც ითხოვდა ვენეციის კომისია და ევროპის საბჭო", - განაცხადა ქარდავამ.
რაც შეეხება „მრეწველებს", პარტიის ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებები „წინ გადადგმული ნაბიჯია".
„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ნამდვილად გარკვეული მიღწევა. თუმცა კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო", - განუცხადა ტყემალაძემ ჟურნალისტებს.
ედპ და „მრეწველები" საარჩევნო შეთანხმებას ხელმოწერით დღესვე შეუერთდებიან.