„ქართული პარტიის" თავმჯდომარეს სოზარ სუბარს ლოგიკურად და კანონზომიერად მიაჩნია ის შედეგი, რომლითაც ხელისუფლებისა და „რვიანის" მოლაპარაკებები დასრულდა.
„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მცდელობა ერთადერთი მოსალოდნელი შედეგით დამთავრდა. ხელისუფლებამ არაფერი დათმო. მის შეთავაზებებში ერთი წინადადებაც კი არ არის, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება. ეს დაემსგავსა პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე პარტიების იაფფასიან მოსყიდვას. გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ: საერთო-სახალხო ზეწოლის გარეშე კრიმინალური ხელისუფლება არაფერს დათმობს, ვინაიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება სწორედ რევოლუციის მოხდენას ნიშნავს", - აცხადებს „ქართული პარტიის" თავმჯდომარე.
მისი განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლება რევოლუციურ ცვლილებებზე არ წავა, რადგან კარგად იცის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მისთვის არჩევნების წაგებას ნიშნავს, არჩევნების წაგება კი - ციხეში წასვლას.
„შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლად რჩება საერთო-სახალხო ძალისხმევით დღევანდელი რეჟიმის იძულება, რომ ან ხელისუფლებიდან წავიდეს, ან ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომლის შედეგადაც ხელისუფლება რეალურად შეიცვლება", - აღნიშნავს სუბარი.