საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფზე დაპატიმრების ორდერი გასცა. დაპატიმრების ორდერი ასევე გაცემულია მის ვაჟზე, სეიფ ალ-ისლამზე და სადაზვერვო სამსახურის უფროსზე, აბდულა ას სენუსსზე. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურამ მუამარ კადაფის, სეიფ ალ-ისლამისა და აბდულა ას სენუსსის დაპატიმრების ორდერის გაცემა ჯერ კიდევ 16 მაისს მოითხოვა. ეს ადამიანები, პროკურატურის აზრით, ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის სერიის ჩადენაში, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს თქმით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრპოკურორის მთავარმა ოფისმა შეაგროვა პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ კადაფი, მისი ვაჟი და სპეცსამსახურების უფროსი თანამონაწილენი არიან დაქირავებულთა შეკრებაში და ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებზე თავდასხმაში.