30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით სამეფო უბნის თეატრი და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური წარმოადგენს 25-წუთიანი სპექტაკლების მესამე ფესტივალს - არდიFest 2011.
ფესტივალი სამეფო უბნის თეატრში დაარსდა და პირველად 2008 წლის ივნისში ჩატარდა. ფესტივალის შედეგად თეატრების ხელმძღვანელებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ახალგაზრდა შემოქმედები, შეეფასებინათ მათი პონტენციალი და მიეწვიათ ისინი თავიანთ თეატრებში.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის (თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ქორეოგრაფიული სასწავლებელი და კონსერვატორია) ნებისმიერ სტუდენტს ან/და კურსდამთავრებულს.
წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 12 მოკლე სპექტაკლი.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსანტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიის წინაშე. მონაწილეებმა უნდა დადგან და სამეფო უბნის თეატრის სცენაზე წარმოადგინონ 25-წუთიანი სპექტაკლები. ფესტივალის პრიორიტეტია ახალი ქართული დრამატურგია. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის თავმჯდომარეა თემურ ჩხეიძე
ფესტივალზე გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რეჟისორი; ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი; მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი; საუკეთესო დრამატურგი; საუკეთესო მხატვარი; საუკეთესო კომპოზიტორი; ჟიურის სპეციალური პრიზი (თავისუფალი ნომინაცია).
შვიდივე გამარჯვებული დაჯილდოვდება როგორც პრიზებით, ასევე ფულადი პრემიებით.