საქართველოში დაურეგისტრირებელი მედიკამენტების შემოტანის ან გატანის ოდენობა კონკრეტდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება გამოიცა.
დღემდე ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა, საქართველოდან გაეტანა ან შემოეტანა არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით.
კერძოდ, არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის განისაზღვრებოდა ავადმყოფთა შემდეგი კატეგორიების და სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით: ქრონიკული ავადმყოფებისთვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე - დანიშნული სამკურნალო საშუალების დღიური დოზის მიხედვით განსაზღვრული ოდენობით; უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - ვიზის მოქმედების ვადის შესაბამისად დღეების რაოდენობის გათვალისწინებით; საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის - წამლის ვარგისიანობის ვადის შესაბამისად; ასევე არაქრონიკული ავადმყოფობისთვის: სიმპტომატური მკურნალობისათვის - არა უმეტეს ხუთი არაჰოსპიტალური შეფუთვისა; არასიმტომატური მკურნალობისთვის - 1 მკურნალობის კურსისთვის საჭირო ოდენობით.
ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა შემდეგი ოდენობის მიხედვით განისაზღვრა: ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა; თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე; თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ხუთ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.