2011 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3-ჯერ გაიზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, პირველ კვარტალში  173,7 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 75,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2009 წლის პირველ კვარტალში - 114 მლნ დოლარს. 
2011 წლის I კვარტალში 6 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა საქართველოში 86% შეადგინა. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 116 მლნ დოლარი და მთლიანი ინვესტიციების 67% შეადგინა. 
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვიპროსია, საიდანაც ქვეყანაში 41,4 მლნ  დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა. ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24%. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა და მისი წილი ინვესტიციებში 17%-სა და 28,7 მლნ  დოლარს აღწევს, ნიდერლანდები 15% და 19,8 მლნ დოლარი, რუსეთი - 19,8 მლნ დოლარი (11%), ვირჯინიის კუნძულები - 19,6 მლნ  დოლარი (11%). 
საქართველოში 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 553,1 მლნ  დოლარი, 2009 წელს 658,4 მლნ დოლარი, ხოლო 2008 წელს 1,58 მლრდ დოლარი შეადგინა.