საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენი მისამართით ოფიციალური მომართვა ჯერ არ ყოფილა. ზოგადად ასეთი ინიციატივა ბევრჯერ გაჟღერებულა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, რომ ერთიანი კავკასიური სივრცე შეიქნას, თუმცა ინიციატივის კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ინიციატივით, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი აჰმედ შირინოვი გამოდის. იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეთავაზებული იქნეს თურქეთისათვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის კავშირის შექმნა, იგივე პრინციპების საფუძველზე, რა პრინციპებითაც ევროკავშირია შექმნილი ანუ შეიქმნას ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცე - ერთიანი ვალუტით და ერთიანი საბაჟო სივრცით საზღვრებზე შიდა კონტროლის გარეშე და ა.შ. რაც ასევე მოითხოვს ერთიანი პარლამენტის, მთავრობისა და სხვა საკოორდინაციო სისტემების შექმნას.