ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე „რვიანისთვის" შეთავაზებული წინადადებები "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვისაც" მისაღებია.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, მოლაპარაკების შედეგად ხელისუფლება რიგ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული პირობები სრულად არ პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს, მიგვაჩნია, რომ ამ წინადადებების რეალიზებით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე აქამდე იყო. ქართულ ოპოზიციას აქვს ძალზე სამწუხარო გამოცდილება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კატეგორიულობაში და რადიკალიზმში შეჯიბრისა, რომელშიც როგორც წესი, ყოველთვის მმართველი გუნდი გამოდიოდა გამარჯვებული. ამიტომ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იყო კატეგორიულობა და პოზიცია "ან ყველაფერი, ან არაფერი", რადგან მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი შევა ჩიხში და ხელისუფლება ქვეყანას წაიყვანს სრული იზოლაციონიზმისა და არადემოკრატიული მმართველობისკენ", - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე აზრით, მიღწეულ შედეგს „ქრისტიან-დემოკრატები" განიხილავენ, როგორც „ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც რომ არა საშინაო თუ საგარეო ფაქტორები, მიუღებელი და ბევრად უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული საზოგადოებისთვის".
"ქრისტიან-დემოკრატები" მმართველ გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ხელს დღესვე მოაწერენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების შეთავაზებას „ახლებიც" დათანხმდნენ.