საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყნებს მოუწოდებს, რომ სახელწოდება "გრუზია" ინგლისურენოვანი დასახელებით "ჯორჯიათი" ჩაანაცვლონ. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენ დიდი ხანია ინიციატივით გამოვედით და ოფიციალური წერილობითი თხოვნით მივმართეთ ბევრ სახელმწიფოს, რომ საქართველოს ძველი სახელწოდება "გრუზია" შეცვალონ და ოფიციალურად აღიარებული იქნას ინგლისური სახელწოდება "ჯორჯია"", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ამ კუთხით პირველი გამოხმაურება კორეისგან უკვე მიიღეს და მათ საქართველოს სახელწოდება ინგლისურენოვანი დასახლებით ჩაანაცვლა.
"ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კორეის გადაწყვეტილება, რადგან მთელი რიგი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოები მიუხედავად მრავალჯერად დაპირებისა ჯერ ვერ ახერხებენ მის განახორციელებას. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ქვეყნის სახელწოდების სისტემური შეცვლა გარკვეულ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ამ კუთხით ძალისხმევას გააგრძელებს, რომ ყველა სახელმწიფომ "გრუზიის" ნაცვლად "ჯორჯია" დაამკვიდროს.